пятница, 8 мая 2015 г.
ბიზანტიის იმპერია
ბიზანტიის იმპერია ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერია ან უბრალოდ ბიზანტია — რომის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ძირითადად ბერძნულენოვანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა გვიან ანტიკურ ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდში. მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი[კ 2]), რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც ბერძნული კოლონია ბიზანტიონი.[2] ქვეყანა გადაურჩა დასავლეთ რომის იმპერიის დაშლასა და დაცემას V საუკუნეში და განაგრძობდა არსებობას კიდევ ათასი წლის განმავლობაში 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე. მისი არსებობის განმავლობაში იმპერია წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო ძალას ევროპაში. როგორც „ბიზანტიის იმპერია”, ისე „აღმოსავლეთ რომის იმპერია” წარმოადგენს ისტორიოგრაფიულ ტერმინს იმპერიის აღსანიშნავად მისი განადგურების შემდეგ. თავად მისი მცხოვრებლები სახელმწიფოს უწოდებდნენ რომის იმპერიას (ძველ ბერძნ. Βασιλεία Ῥωμαίων, ლათ. Imperium Romanum) ან რომანიას (ძველ ბერძნ. Ῥωμανία),[3][4][5] ხოლო საკუთარ თავს „რომაელებს”.[6]
ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა. IV-დან VI საუკუნემდე განხორციელებულმა რამდენიმე ღონისძიებამ საბოლოოდ რომის იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფა გამოიწვია. 284 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305 წწ.) რომის იმპერიის მმართველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაყო. 330 წლისათვის კონსტანტინე I-მა (306–337 წწ.) დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა,[7] რომელსაც მოგვიანებით კონსტანტინოპოლი („კონსტანტინეს ქალაქი”) და Nova Roma („ახალი რომი”) ეწოდა.[კ 3] თეოდოსიუს I-ის (379-395 წწ.) მმართველობისას ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო სხვები, მაგ. რომაული პოლითეისტური რელიგია აიკრძალა.[8] ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი არსებითად დასრულდა იმპერატორ ჰერაკლეს (610-641 წწ.) მმართველობისას, როდესაც მოხდა იმპერიის მმართველობისა და არმიის რესტრუქტურიზაცია და ოფიციალურ ენად დამტკიცდა ბერძნული ლათინურის ნაცვლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერია წარმოადგენდა რომის იმპერიის მემკვიდრესა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების გამგრძელებელს, თანამედროვე ისტორიკოსები ბიზანტიას გამოარჩევენ ანტიკური რომისაგან, რადგან ის ლათინურის ნაცვლად ბერძნული კულტურის მატარებელი იყო, ხოლო სახელმწიფო რელიგიას რომაული პოლითეიზმის მაგივრად მართლმადიდებელი ქრისტიანობა წარმოადგენდა.
ბიზანტიის იმპერიის საზღვრები მისი არსებობის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა. იმპერიამ შემცირებისა და შემდეგ კვლავ გაფართოების რამდენიმე ეტაპი გაიარა. იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) მმართველობისას იმპერიის ტერიტორიამ მაქსიმუმს მიაღწია. ამ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა რომის იმპერიის მრავალი ყოფილი პროვინცია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში თვით რომის ჩათვლით, რომელსაც ბიზანტია ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა. იმპერატორ მავრიკიოსის მმართველობისას იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი გაფართოვდა, ჩრდილოეთი კი დასტაბილურდა, თუმცა მისმა მკვლელობამ ქვეყანა სასანურ ირანთან ოცწლიან ომში ჩაითრია, რამაც იმპერიის რესურსები გამოფიტა, ამან კი მაჰმადიან დამპყრობლებს მისი ტერიტორიების დაპყრობა გაუადვილა. VII საუკუნეში არაბებმა იმპერიას სხვებთან ერთად ყველაზე მდიდარი პროვინციები — ეგვიპტე და სირია წაართვეს.
არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ მაკედონელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში (X-XI სს) იმპერია კვლავ გაფართოვდა და მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში დომინანტ ძალად იქცა. ეს იყო მისი აღორძინების ორსაუკუნოვანი ეპოქა, რომელიც დასრულდა 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებთან დამარცხებით, რის შედეგადაც ბიზანტიამ სამუდამოდ დაკარგა ანატოლიის უდიდესი ნაწილი, რომელიც თურქების ახალ „სამშობლოდ” იქცა. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია. კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება, თუმცა იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
იმპერიის არსებობის ბოლო საუკუნეების განმავლობაში ზოგად ტენდენციას წარმოადგენდა ტერიტორიის შემცირება და დასუსტება. მთელი XII საუკუნის განმავლობაში ბიზანტია განუწყვეტლად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ, თუმცა „სასიკვდილო დარტყმა” მას არა მაჰმადიანებმა, არამედ ევროპელმა ჯვაროსნებმა მიაყენეს, რომლებმაც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1204 წელს) იერუსალიმის ნაცვლად აიღეს და სასტიკად გაძარცვეს კონსტანტინოპოლი.[9] ბიზანტიის ტერიტორია ლათინურ (ლათინთა იმპერია) და ბერძნულ (ნიკეის იმპერია, ტრაპიზონის იმპერია და ეპირის დესპოტატი) ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამეფოებად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ 1261 წელს ბიზანტიელებმა კონსტანტინოპოლის დაბრუნება შეძლეს, იმპერიას მხოლოდ დედაქალაქი და რამდენიმე მცირე პროვინციაღა შერჩა. მისი დანარჩენი ტერიტორიები თანდათანობით დაიპყრეს ოსმალებმა, რომლებმაც 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღებით წერტილი დაუსვეს ბიზანტიის იმპერიის არსებობას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий